Sunday, November 18, 2012

ბოდიბილდინგი




ბოდიბილდინგი (ინგ. body-სხეული, building-აგება). სპორტის სახეობა, რომლის მიზანია ადამიანის სხეულის ფორმირება სხვადასხვაგვარი ვარჯიშების მეშვეობით. თავდაპირველად იყენებდნენ ძალისმიერ ვარჯიშს, მაგრამ ბოდიბილდინგის განვითარებასთან ერთად სავარჯიშო პროგრამაც უფრო დინამიკური და მრავალფეროვანი გახდა. საერთაშორისო შეჯიბრებები ძირითად ოთხ დისციპლინაში ტარდება: 1) სპორტსმენის სხეულისა და მუსკულატურის შეფასება (პროპორცია, კუნთების განვითარება და რელიეფი – 7 პოზაში), თავისუფალი გამოსვლა, პოზირება მუსიკის თანხლებით (საჩვენებელი). მოყვარულთა შეჯიბრება ტარდება შემდეგ წონით კატეგორიებში: ქალები – 52, 57 და +57 კგ; კაცები – 65, 70, 75, 80, 85, 90 და +95 კგ. პროფესიონალები აბსოლუტურ კატეგორიაში ასპარეზობენ; 2) წყვილთა შეჯიბრება ზემოთ აღწერილი პრინციპით. შერეულ წყვილთა გამოსვლისას დამატებითი კრიტერიუმია მონაწილეთა ურთიერთშესაბამისობა; 3) “ბოდიფიტნესი” – ფასდება პროპორცია, კუნთების ხარისხი და რელიეფი 5 პოზაში.
ქალთა შეჯიბრებისას ფასდება სხეულის პროპორცია, სილამაზე და რელიეფი. (თავისუფალი პოზირება მუსიკის თანხლებით მიღებული არ არის). შეჯიბრებები ეწყობა სამ კატეგორიაში შემდეგი ფორმულით: 170 სმ სიმაღლის სპორტსმენის წონა უნდა უდრიდეს მის სიმაღლეს გამოკლებული 100 + 2კგ; 171-178 სმ – სიმაღლეს გამოკლებული 100 + 4კგ; 178 სმ ზევით – სიმაღლეს გამოკლებული 100 + 6კგ. 3) “ფიტნესი” – ტარდება ორი პროგრამით: ა) სხეულის სილამაზისა და პროპორციის შეფასება; ბ) თავისუფალი გამოსვლა მუსიკის თანხლებით აკრობატიკისა და ძალისმიერი ვარჯიშების ელემენტებით. “ფიტნესის” მიზანია წარმოაჩინოს სპორტსმენის სხეულის სილამაზე მოძრაობაში. კაცთა შორის შეჯიბრებები ტარდება სიმაღლის მიხედვით: ვთქვათ, 175 სმ სიმაღლის სპორტსმენის წონა უნდა იყოს 75 კგ (სიმაღლე მინუს 100); ქალთა შორის “ფიტნესი”ტარდება 160, 164 და 164 სმ-ს ზევით კატეგორიებში.
ბოდიბილდინგი თავისთავად ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ სურვილს, გაიუმჯობესოს და გაილამაზოს სხეული. საამისო საშუალებები, საგანგებო ვარჯიშები, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ათლეტებისთვის იყო ცნობილი, მაგრამ ბოდიბილდინგი სპორტის სახეობად მხოლოდ XX საუკუნეში ჩამოყალიბდა: 1910-15 წლებში ცნობილმა გერმანელმა ძალოსანმა გეორგ სანდოვმა (ნამდვილი გვარი – მიულერი) დაიწყო საჩვენებელი გამოსვლები – პოზირება. ევროპიდან ბოდიბილდინგი გავრცელდა ამერიკაში, სადაც მისი პოპულარიზატორები გახდნენ ბენ და ჯონ ვეიდერები. 1941 წელს კანადაში ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც გაიმარჯვა ჯონ გრიმეკმა (ნამდვილი გვარი – ზიმეკი, წარმოშობით ჩეხი). 1946 წელს ძმებმა ვეიდერებმა დააფუძნეს “ბოდიბილდერთა საერთაშორისო ფედერაცია” (IFBB). ბენი გახდა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, ჯონი – პროფესიონალთა ლიგის ხელმძღვანელი. ბოდიბილდინგს განსაკუთრებული რეკლამა გაუწია სტივ რიისმა, რომელმაც 1947 წელს “მისტერ აშშ”-ის წოდება მიიღო. ბოდიბილდინგი თანდათანობით გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა მრავალ ქვეყანაში. 1959 წლიდან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი. პროფესიონალთა შორის ყველაზე მაღალი ტიტულია “მისტერ ოლიმპია”. ამავე სახელწოდების ტურნირში (ტარდება 1965 წლიდან) გამარჯვებულს გადასცემენ თასს, რომელზეც გეორგ სანდოვია გამოსახული. 70-იან წლებში ბოდიბილდერებმა დაიწყეს ანაბოლური სტეროიდებისა და ჰორმონების ფართოდ გამოყენება კუნთების მოცულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამის აღსაკვეთად ბოდიბილდერთა საერთაშორისო ფედერაციამ 1998 წელს ახალი, მეტად მკაცრი წესები მიიღო.
საქართველოში ბოდიბილდინგის ისტორია იწყება 1958 წლიდან, როდესაც რამდენიმე ენთუზისტმა ვარჯიში დაიწყო. პირველი იყო ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ენრიკო კოპლატაძე, რომელსაც შეუერთდნენ 14-15 წლის ედუარდ ბროლაძე-წერეთელი, ალექსანდრე რეპიჩევი და კოტე მაცაბერიძე. იმხანად ინფორმაცია ამ სპორტის შესახებ საქართველოში თითქმის არ მოიპოვებოდა, რადგან საბჭოთა კავშირში ბოდიბილდინგი “ბურჟუაზიულ სპორტად” ითვლებოდა და აკრძალული იყო. ენთუზიასტთა ჯგუფი ყველა სიძნელის მიუხედავად, აგრძელებდა ვარჯიშსა და ახალი სახეობის პოპულარიზაციას. 1987 წელს საბჭოთა კავშირში დაუშვეს ბოდიბილდინგი, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა. იმავე წელს საქართველოში დაფუძნდა ბოდიბილდინგის ფედერაცია (ამჟამად ეწოდება ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია), რომლის პრეზიდენტადაც კოტე მაცაბერიძე აირჩიეს. 1988 წელს თბილისში გაიმართა საქართველოს თასის პირველი ოფიციალური გათამაშება, რომელშიც დავით რაზმაძემ გაიმარჯვა. 1990 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი (პირველი ჩემპიონები იყვნენ: 65კგ – გიორგი ბასიაშვილი, 70კგ – ირაკლი ყარსიმაშვილი, 80კგ – დავით რაზმაძე, 90კგ – გოჩა ქუშაშვილი). 1993 წელს საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა, მაგრამ უსახსრობის გამო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ვერ მონაწილეობს. გამონაკლისი იყო 2001 წელს ბაქოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი სპორტსმენი გივი პეტრიაშვილი გამოდიოდა და ნახევარფინალამდე მიაღწია.

No comments:

Post a Comment